Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართული მწიგნობრობის ისტორიისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ქართული მწიგნობრობის ისტორიისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გახსნა, რომელიც  ანთიმოზ ივერიელის 375 წლის და დავით გურამიშვილის 320 წლის იუბილეს ეძღვნება.

 

ღონისძიებაზე თსუ რექტორმა ისაუბრა წიგნისა და წიგნიერების, განათლების როლზე საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა დავით გურამიშვილისა და ანთიმოზ ივერიელის როლზე ამ საქმეში: „ამ ორმა ადამიანმა სამშობლოს სიყვარულის მაგალითი მოგვცა ქართველობას.“

 

კონფერენციაზე მომხსენებლები ისაუბრებენ საქართველოსა და საზღვარგარეთ არსებული პირველი სტამბებისა და ქართული ბეჭდვითი საქმის განვითარებაზე, აგრეთვე საბიბლიოთეკო საქმის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. კონფერენციაზე წარმოდგენილია ვახტანგ VI  სტამბაში დაბეჭდილი და თსუ ბიბლიოთეკაში დაცული  რარიტეტული წიგნები.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას თქმით, „ანთიმოზ ივერიელისა და დავით გურამიშვილის საქმიანობა, მათი სულიერი თუ მატერიალური მემკვიდრეობა, მათი ცხოვრება მაგალითია ქართველებისთვის.“

 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დავით გურამიშვილის „დავითიანის“ ხელით გადაწერილი წიგნი, რომლის თითოეული ფურცელი ცნობილმა ადამიანებმა, მათ შორის, თსუ სახელოვანმა კურსდამთავრებულებმა ხელით გადაწერეს, ხოლო ილუსტრაციები თანამედროვე მხატვრებმა შეასრულეს.

 

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, ხელით გადაწერილი „დავითიანი“ გადაიქცევა აუდიოწიგნად, შემდეგ კი წიგნად გამოიცემა. 

 

სამეცნიერო კონფერენცია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თინათინ ნიბლოშვილის მხარდაჭერით გაიმართა და მისი ორგანიზატორია თსუ ბიბლიოთეკა.

 

ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში თსუ ბიბლიოთეკის რესტავრატორები გამართავენ საჩვენებელ სარესტავრაციო სამუშაოს, რომლის მეშვეობითაც ფართო საზოგადოება გაიცნობს რესტავრაციის სპეციფიკას.

თარიღი: 24/12/2025